online.mkurnali.ge
მალე პროფილი FACT SHEET
ge en ru
გამოგვყევი
შექმნილია
უკან
კონტაქტი
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი
49 თინა იოსებიძის ქუჩა, თბილისი
ტელეფონი

სტრესი და მეტაბოლური დაავადებები - 21 საუკუნის სენი

21-ე საუკუნე მეტაბოლური დაავადებების საუკუნეა - სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, გულისა და სისხლძარღვების დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, ღვიძლის მეტაბოლური დაავადებები, ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები, ოსტეოპოროზი, დემენცია, ნევროზი -  დამეთანხმებით, ეს დაავადებები ძალზედ ფართოდაა გავრცელებული, თუ გადავხედავთ, ერთი ან რამდენიმე მათგანით თითოეული ჩვენგანი ან ჩვენი ოჯახის წევრია დაავადებული. მეტაბოლური დაავადებების განვითარების ერთ-ერთი წამყვანი რისკის ფაქტორი არის  სტრესი.  პანდემიითა და ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სტრესი კიდევ უფრო მეტად ზრდის მეტაბოლური დაავადებების რისკს.

დღეისათვის ვისაუბრებთ ნეირომედიატორებზე, რომლებიც მოქმედებენ  სტრესსა და მეტაბოლური დაავადებების განვითარებაზე.

სანამ ამ თემაზე გადავალთ, დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოება, ძირითადად, არასწორად იაზრებს ორ ძირითად გრძნობას, ორივეს პოზიტიურს, თუმცა ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებულს, ესენია სიამოვნება და ბედნიერება. მათ ხშირად ვურევთ ერთმანეთში, ზოგი ჩვენგანი საერთოდ ფიქრობს, რომ სიამოვნება და ბედნიერება ერთიდაიგივეა. არასწორი შეხედულებების ჩამოყალიბების მიზეზებს შორისაა სიამოვნებისა და ბედნიერების მცდარი დეფინიციები, ინტერნეტ სივრცეში არსებული ყალბი ინტერპრეტაციები და საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე არსებული ინფორმაციების სიმწირე.

 #!#

სიამოვნება და ბედნიერება - რა სხვაობაა მათ შორის? აღმოჩნდა, რომ სიამოვნებასა და ბედნიერებას ერთმანეთისგან შვიდი განმასხვავებელი ნიშანი ჰყოფს:

  1. სიამოვნება - ხანმოკლეა, ბედნიერება - ხანგრძლივი;
  2. სიამოვნება - ფიზიკური მდგომარეობაა, ბედნიერება - სულიერი;
  3. სიამოვნება - მიღებაა, ბედნიერება არის გაცემა;
  4. სიამოვნება - მიიღწევა სუბსტრატებით, ბედნიერება - არა;
  5. სიამოვნების განცდა ხდება მარტო, ბედნიერების - სოციუმში (პირთა წრეში);
  6. ჭარბი სიამოვნება იწვევს მიჩვევას - (იქნება ეს ჩვევა, თუ რაიმე ნივთიერებაზე დამოკიდებულება), ბედნიერებაზე დამოკიდებულების მცნება კი არ არსებობს;

და, ბოლოს,

  1. სიამოვნება არის - ჰორმონი დოფამინი, ბედნიერება კი - ჰორმონი სეროტონინი.

დოფამინი და სეროტონინი - ბიოქიმიური ნივთიერებები - ნეირომედიატორებია, რომლებსაც გამოიმუშავებს ტვინის ნეირონები და გამოიყენებს ერთი ნერვული უჯრედიდან მეორეზე ინფორმაციის გადასაცემად.

 

რა კავშირი აქვს დოფამინს სიამოვნებასთან და რა დროს გამოთავისუფლდება ტვინის ნეირონებში დოფამინი?

დოფამინი ტვინის უჯრედებში გამოთავისუფლდება გამაღიზიანებელი სიგნალის საპასუხოდ. გამაღიზიანებელ სიგნალებს შორის  შესაძლოა იყოს ნებისმიერი ჰედონური (სიამოვნების მომმგვრელი) აგენტი; მაგ. ალკოჰოლი, თამბაქო, საკვები და ტკბილეული, გაზიანი სასმელი, ვიდეო-თამაშები, გაჯეტები, მობილური ტელეფონი, იარაღი,  ასევე, ფსიქოსტიმულანტები, მაგ. ამფეტამინი და კოკაინი.

დოფამინი იწვევს უჯრედშიდა პროცესების გააქტიურებას - აღგზნებას.

ტვინში ნეირომედიატორი დოფამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოტორულ კონტროლში, განწყობისა და მოტივაციის შექმნაში, დახსომებისა და ძილის პროცესში, ასევე თვითდაჯილდოვების  შეგრძნებაში, შემეცნებასა და ქცევაში; დოფამინი მონაწილეობს სიამოვნების შეგრძნების მნიშვნელოვან, მაგრამ არა ყველა ასპექტში (ვინაიდან სიამოვნების ცენტრები გამოვლენილია როგორც დოფამინის სისტემაში, ასევე დოფამინის სისტემის გარეთ). 

თუმცა ჭარბი დოფამინი აზიანებს ტვინის უჯრედებს და იწვევს მათ სიკვდილს. ტვინის მარეგულირებელი მექანიზმები იცავენ ტვინის უჯრედებს სწორედ დოფამინის სიჭარბისგან.

დოფამინი, როგორც აღვნიშნეთ, გამოიფრქვევა სიგნალის მიღების (მაგ. ფრუქტოზის შემცველი საკვების მიღება, ალკოჰოლი, თამბაქო) საპასუხოდ.  რაც უფრო ძლიერია სიგნალი, მით მეტი დოფამინი გამოიფრქვევა, რამაც შეიძლება დააზიანოს ნეირონები. თავდაცვის მიზნით ნეირონები იმცირებენ იმ რეცეპტორების რაოდენობას, რომელზედაც დოფამინი მოქმედებს,  შესაბამისად, ნერვული უჯრედი გადაურჩება დოფამინის დიდი რაოდენობით ზემოქმედებას და დაღუპვას.

თუმცა, მეორე ჯერზე იგივე ინტენსივობის სიამოვნების მისაღებად საჭირო ხდება უფრო მეტი სტიმული, რომ მივიღოთ იგივე რაოდენობით დოფამინი, ვინაიდან უკვე სახეზე გვაქვს ნეირონების რეცეპტორების შემცირებული რაოდენობა; შემდეგ ჯერზე კიდევ უფრო მეტი და მეტი სტიმულია საჭირო, საბოლოოდ კი უდიდესი სტიმულითაც კი ვეღარ ვიღებთ დოფამინის საკმარის რაოდენობას სიამოვნების მისაღებად, ამ ფენომენს ეწოდება ტოლერანტობა, ასე ვითარდება დამოკიდებულება გამაღიზიანებელ ფაქტორზე - მიჩვევა და მათი ჭარბი რაოდენობით  გამოყენების მოთხოვნილება, რაც საბოლოოდ იწვევს ნეირონების შეუქცევად დაზიანებას და სხვადასხვა დარღვევების და  დაავადებების განვითარებას. მაგ. ტკბილზე დამოკიდებულებით ვითარდება სიმსუქნე, დოფამინრეზისტენტობა იწვევს დეპრესიას, სხვა ფსიქიატრიულ პრობლემებს, ნერვული სისტემის დაავადებებს და ა. შ.

 #!#

რაც შეეხება სეროტონინს, იგი დოფამინისგან განსხვავებით თვისობრივად ინჰიბიტორული (დამთრგუნავი) ნეირომედიატორია, ის თრგუნავს ნეირონზე არსებულ მისსავე  რეცეპტორს, ანუ ებმის მას და არ ააქტიურებს უჯრედშიდა პროცესებს, არამედ პირიქით - ანელებს, შესაბამისად, უჯრედი ენერგიას არ ხარჯავს და აგროვებს, ამით ვგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, კმაყოფილებას და ამ მდგომარეობას ვუწოდებთ ბედნიერებას.  შესაძლებელია სეროტონინის დოზის გადაჭარბება?- არა, იმიტომ, რომ სეროტონინი ინახავს უჯრედის ენერგიას. სეროტონინის ნაკლებობა იწვევს ენერგიის დეფიციტს და უამრავ თანმდევ მდგომარეობას;  სეროტონინის ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზია საკვებში მისი სტრუქტურული ამინომჟავის-ტრიფტოფანის ნაკლებობა; ასევე - ნეირომედიატორი დოფამინი, რომელიც ზემოქმედებს სეროტონინზე და ამცირებს მის მოქმედებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიამოვნება (დოფამინი) ამცირებს ბედნიერებას (სეროტონინი), ანუ რაც უფრო მეტად ვიღწვით სიამოვნებისკენ, მით უფრო ვშორდებით ბედნიერებას.

რეალურ ცხოვრებაში ამ ორი მცნების აღრევა ხშირად გაუცნობიერებლად ხდება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და ნეირო-ენდოკრინულ რეგულაციაზე. შესაბამისად, მათი დისრეგულაცია მრავალი მეტაბოლური დაავადების  - სიმსუქნე, დეპრესია და ა.შ.საფუძველი ხდება. იმისთვის, რომ გადავლახოთ ეს პრობლემა, აუცილებელია ჯერ მოხდეს მისი დეტალური გააზრება.

უფრო ადვილად გასაგები რომ იყოს:

  • სიამოვნება არის გრძნობა, რომელიც კარგია, ოღონდ ხანმოკლეა; ამიტომ ის, რაც მანიჭებს სიამოვნებას, კიდევ მინდა, რომ იგივე სიამოვნება მომანიჭოს;
  • ბედნიერება ასევე კარგი გრძნობაა, ოღონდ ხანგრძლივია, და ის, რაც მანიჭებს ბედნიერებას, საკმარისია.

ამიტომ ეს ორი გრძნობა, ორივე კარგია, მაგრამ, არ არის ერთიდაიგივე. საბოლოო ჯამში სიამოვნება იწვევს მეტი სიამოვნების მიღების მოთხოვნილებას (ამაზეა გათვლილი მაგ. აზარტული თამაშები) და ესაა ყველაფერი ის, რისი ყიდვაც შეიძლება; ხოლო ბედნიერება არის  ის, რაც ,,მეტი არ გჭირდება’’, რაც  არ იყიდება, ის ისედაცაა ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის და თითქოს მარტივი ანა-ბანაა, შენს ხელშია, მუდამ შენს თვალწინაა, უბრალოდ სწორად გააზრება სჭირდება  და ესენია:

 

  1. ურთიერთობები - ირკვევა, რომ ადამიანთაშორისი სოციალური კავშირები წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ბედნიერებისთვის, ადამიანებს შორის პირისპირი ურთიერთობა წარმოქმნის ემპათიას, თანაგრძნობას. ემპათია ააქტიურებს სპეციფიკურ ნეირონთა ჯგუფს, რასაც სარკისებურ ნეირონებს ვუწოდებთ. გრძნობები, რომელიც მოდის თანამოსაუბრისგან, ავტომატურად აირეკლება ჩვენი სარკისებური ნეირონების მიერ და გვიჩენს კმაყოფილების განცდას. მაგალითისთვის განვიხილოთ რელიგია, რომელიც ასევე ემსახურება ადამიანმა თავი იგრძნოს ბედნიერად, რელიგიურობაში მნიშვნელოვანია მარხვის მცნება, რომელიც თავის თავში ასევე გულისხმობს გარკვეულ საკვებზეც, როგორც სიამოვნების მომნიჭებელ გამაღიზიანებელზე უარის თქმას, რაც ამცირებს დოფამინს; ასევე ინტერპერსონალურ ურთიერთობებს - რაც სეროტონინის წყაროა.  ადამიანებს ასევე აბედნიერებთ კლუბები, გუნდური მუშაობა და გუნდური თამაშები, სადაც სწორედ ადამიანთაშორის ურთიერთობებია ძალიან მნიშვნელოვანი.  აქვე ჩნდება კითხვა, არის თუ არა სეროტონინის წყარო ინტერნეტ სივრცე, ფეისბუქი და ა.შ. - ირკვევა, რომ დისტანციური კომუნიკაცია არ იწვევს ბედნიერების შეგრძნებას, იმიტომ, რომ არ არის ადამიანებს შორის პირისპირი კავშირი და არ იმატებს სეროტონინი, არამედ პირიქით, ყოველ ჯერზე, როცა ტელეფონის ეკრანი ინთება ან ახალი შეტყობინება მოდის, იმატებს დოფამინის რაოდენობაც, რაც იწვევს დამოკიდებულებას და რასაც მივყავართ დეპრესიამდე.
  2. დახმარება (წვლილის შეტანა) - სხვისთვის დახმარების გაწევა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ნებისმიერ დროს და ადგილას. არსებობს სხვისთვის დახმარების გაწევის უამრავი ფორმა, ეს ქმედება იწვევს კმაყოფილებას, ზრდის სეროტონინის რაოდენობას და იწვევს ბედნიერებას;
  3. შესაძლებელია სტრესის შემცირება სეროტონინის რეცეპტორების გაზრდის ხარჯზე ცხოვრების წესის სამი ფაქტორის მოდიფიკაციით:
  • ძილის მოწესრიგება მნიშვნელოვნად ზრდის სეროტონინის რეცეპტორების მგრძობელობას. ძილი ხშირად გვერღვევა იმის გამო, რომ მიჯაჭვული ვართ ეკრანებზე, ელექტრონულ ტექნიკაზე და სხვ. ერთ-ერთი კვლევის მხედვით, რომელიც მე-8 კლასელებში ჩატარდა, იმ მოზარდებს,  რომელთაც სძინავთ ტელეფონთან ერთად,  ყოველდღიურად 28-წთ-ით ნაკლები  აქვთ ძილის ხანგრძლივობა, ვიდრე მათ, რომლებიც ტელეფონის გარეშე იძინებენ. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ოთახში, სადაც მაგიდაზე თუნდაც გამორთული მობილური ტელეფონი დევს, 3-ჯერ მეტი დრო გვჭირდება დავალების შესასრულებლად, ვიდრე იმ ოთახში, სადაც იგი არ დევს. ლურჯი შუქი ააქტიურებს ტვინის იმ რეგიონს, რომელიც სიფხიზლეზეა პასუხისმგებელი. ტელეფონებმა და სხვა ელექტრომოწყობილობებმა მნიშვნელოვნად დასწიეს ჩვენი ბედნიერების ნიშნული;
  • შრომისა და დასვენების დროის დაბალანსება - ირკვევა, რომ ბედნიერების მიღწევაში ხელშემშლელი ფაქტორია რამდენიმე საქმის ერთად კეთება - მულტიფუნქციონირება. ადამიანები ხშირად ამაყობენ მსგავსი უნარით, ორგანიზაციები ეძებენ მულტიფუნქციურ თანამშრომლებს. სხვათა შორის, ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან,  კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 2.5% შეუძლია თუნდაც 2 საქმის ერთდროულად კეთება. რაც უფრო მეტ საქმეზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, მით უფრო მცირდება სეროტონინის დონე და დაბლა იწევს ბედნიერების ნიშნული;
  • ფიზიკური აქტივობა - დამტკიცებულია, რომ ვარჯიში ამცირებს დოფამინის მაჩვენებელს და ზრდის სეროტონინის რაოდენობას დამოუკიდებელი მექანიზმით. ვარჯიშით ცალსახად შეგვიძლია სტრესის გამო შემცირებული სეროტონინის რაოდენობის მომატება, ანუ ვარჯიშით შეგვიძლია სტრესთან გამკლავება;
  1. და ბოლო კომპონენტი - საჭმლის მომზადება, სადაც რამდენიმე დადებითი ფაქტორია ხაზგასასმელი. პირველ რიგში, როცა თავად ამზადებთ საჭმელს, იყენებთ იმ ინგრედიენტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო. მაგ. კვებით რაციონში თუნდაც იმ კომპონენტების შეტანა, რომლებიც ხელს უწყობენ სეროტონინის რაოდენობის მომატებას, როგორიცაა:

ტრიფტოფანი - სეროტონინის შესაქმნელად საჭირო ამინომჟავაა, ვიღებთ მხოლოდ საკვებით - მნიშვნელოვანი რაოდენობით შედის თევზში და სელის მარცვლებში. მცირე რაოდენობით - რძეში;

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები - ასევე გვხვდება თევზში (ოკეანის) და წყალმცენარეებში. ომეგა 3 უზრუნველყოფს ნერვული მემბრანის სტაბილურობას და აღდგენის უნარს;

ასევე რაციონიდან იმ პროდუქტების ამოღება, რაც მაღლა სწევს დოფამინის რაოდენობას და ამცირებს სეროტონინის დონეს. როგორიცაა  ,,ცუდი“ შაქრები - მაგ. ფრუქტოზა.

 

ანუ, როცა საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის ამზადებთ საკვებს, იღებთ რამდენიმე სარგებელს. პირველი - ამზადებთ ჯანსაღ საკვებს; მეორე - მიირთმევთ ოჯახის წევრებთან ან ახლობელ ადამიანებთან ერთად და გაქვთ პირისპირი, ცოცხალი ინტერპერსონალური ურთიერთობები, მესამე - აკეთებთ თქვენი ახლობლებისთვის სასარგებლო საქმეს. შესაბამისად,  იღებთ სამმაგ მოგებას  ბედნიერების მიღების სასარგებლოდ.

ამის საპირისპიროდ, რესტორანში ან სწრაფი კვების ობიექტში სტუმრობისას, ხშირად ალბათ მარტოც, არც იცით რეალურად რა ინგრედიენტებისგან დამზადებულ საკვებს მიირთმევთ, სწრაფი კვების ობიექტებში ხომ საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქრებს, რაც ზრდის დოფამინის რაოდენობას და ამცირებს სეროტონინს.  შესაბამისად, არაჯანსაღი საკვები იწვევს მიჩვევას და კვებით დამოკიდებულებას. რაც დროს გადის, ასეთი კვება გადადის ჩვევაში და მით უფრო ძნელდება მასზე უარის თქმა.

არსებობს ასევე კვებითი ან სხვა დამოკიდებულების გააზრების პრობლემა. ზოგადად, როცა ვამბობთ ,,მინდა“ და არა ,,მჭირდება“ (მაგ. ტკბილის ჭამა, ,,მეასე“ ფეხსაცმელი, ახალი ტელეფონი, მაშინ როცა ის, რაც გაქვს მშვენივრად მუშაობს და ა.შ.),  სახეზე გვაქვს დამოკიდებულების პირველი ნიშანი. ასევე, თუკი ხვდებით, რომ სამსახურში ან ოჯახში არ გაქვთ კონცენტრაციის უნარი იმიტომ, რომ რაიმე სახის ლტოლვა გიხმობთ და ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში -  მიჩვევის მაჩვენებელია. თუ დააფიქსირებთ, რომ ტელეფონს ამოწმებთ ყოველ 2 წუთში, ახალი შეტყობინების ან ზარის მოლოდინით, ეს ასახავს ტელეფონზე დამოკიდებულებას, ანალოგიურად მოქმედებს კვებაზე დამოკიდებულება და ნებისმიერი სიამოვნება, რასაც საფუძვლად უდევს დოფამინის ეფექტი. სიამოვნებისა და ბედნიერების, ამ ორი ემოციის არევის შედეგი კი არის ქრონიკული მეტაბოლური დაავადებები, სტრესი და დეპრესია, რომელმაც წალეკა 21-ე საუკუნე და რომელთა პრევენცია შესაძლებელია ბედნიერებისა და სიამოვნების სწორი გააზრებით, დამოკიდებულებების გამომწვევი მოთხოვნილებების შემცირებით და  ბედნიერების მომატებით.

 

Online.mkurnali.ge  გთავაზობთ  კლინიკა "დიაკორი" - ში ენდოკრინოლოგის კონსულტაციას, ფარისებრი ჯირკვლის კვლევას და სისხლისმიერი ტესტებს 38%-იანი დანაზოგით.
 
 
ენდოკრინოლოგიისა და  მეტაბოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი , მედიცნის დოქტორი ,
პროფესორი - ლალი ნიკოლეიშვილი.
კლინიკა "დიაკორი"

 

← უკან